აღწერა
კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენს. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აზერბაიჯანი. ფართობი 12,2 ათასი კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 17,5%-ს შეადგენს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია და წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის 8,3%-ს. კახეთი 8 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება. მათი უმეტესობა (ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის) შიდა კახეთში მდებარეობს, საგარეჯოს რაიონი და გურჯაანის რაიონის ნაწილი გარე კახეთს მიეკუთვნება. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები კახეთის ცალკე კუთხეს – ქიზიყს შეადგენს. კახეთის ნაწილი იყო დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ზაქათალის, ბელაქანისა და კახის რაიონები, რომლებიც ლაგოდეხთან ერთად ისტორიულ ჰერეთს (საინგილოს) წარმოადგენენ.
გეოგრაფია:
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3300 მ-ის და 4500 მ-ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ბარაქიანი ვაკეები და ველ-მინდვრები და რაოდენ საოცრადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ნახევრად უდაბნო (დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონებში) ადგილები. საოცრად ლამაზია კახეთის კავკასიონი. იგი ციცაბო ფერდობებით ეშვება ალაზნის ვაკეზე და განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. კავკასიონის ქედზე არსებული რამდენიმე უღელტეხილიდან ერთ-ერთით-აბანოს უღელტეხილით კახეთი თუშეთს უკავშირდება. საქართველოს ეს უმშვენიერესი პროვინცია ენით აღუწერელი სილამაზითა და განსაკუთრებული გეოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდება. ვინც კახეთში ერთხელ მაინც ყოფილა, მისთვის ეს მხარე მუდამ კარგ ღვინოსთან და გულღია მასპინძლობასთან ასოცირდება, რადგან კახეთი მევენახეობა-მეღვინეობით განთქმული მხარეა. აქ მრავალი ჯიშის ვაზი ხარობს და შესაბამისად მრავალფეროვანი მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.
ისტორია:
კახეთის, ცალკე ტერიტორიული ერთეულის დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია ქართველთა ეთნარქის ქართლოსის ერთ-ერთ ძეს კახოსს მიაწერს. მისი მიწა-წყალი იყო კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე. კახეთის შენებაში კახოსს მისი ძმა კუხოსი ეხმარებოდა, რომლის კუთვნილი ტერიტორიაც არაგვიდან ჰერეთამდე მიწებს მოიცავდა. კახეთის ცენტრი ახ.წ. III-IV სს_ის მიჯნამდე ბერ-ჩელეთი (ჟალეთი) იყო. ამ დროისთვის მეფე ასფაგურმა ააშენა ქ. უჯარმა, ხოლო მეფე მირიანმა IV ს-ის დამდეგს იგი კახეთკუხეთის ცენტრად აქცია. XI ს-ში მხარის დედაქალაქად ქ. თელავი იქცა. VIII ს-ში კახეთის დღევანდელ ტერიტორიაზე წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX ს-ში კახეთი შიდა ქართლის გარკვეულ ნაწილსაც მოიცავდა მდ. ქსნამდე. კახეთში შედიოდა ხევი ანუ წანარეთი, თუშეთი, ფხოეთი (ფშავ-ხევსურეთი), ასევე დურძუკეთი და ღლიღვეთი. ქართულ წყაროებში ეს ტერიტორია მოხსენიებულია როგორც ”მთიულეთი კახეთისა”. IX-X სს-ში საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში კახეთი აქტიურად იყო ჩაბმული. ამ პერიოდში გაერთიანდა კახეთ-კუხეთ-გარდაბანი, X ს-სთვის კი უკვე შეიქმნა პირობა კახეთ-ჰერეთის კვლავ შეერთებისა. ერთიანი საქართველოს დროს კახეთი და მნიშვნელოვანი ძლიერი ადმინისტრაციული ერთეული იყო. XV ს-ში საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო. მისი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი ამ დროისთვის ახალი აშენებული ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი გრემი იყო, თუმცა შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად (1614-1617 წწ.) ქ. გრემი განადგურდა და კახეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულმა ცენტრმა კვლავ თელავში გადაინაცვლა. კახეთის სამეფო XIX ს_მდე არსებობდა.
კახეთის ჰავა:
კახეთის გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ გვერდიგვერდაა წარმოდგენილი მთები, ვაკეები და ველ-მინდვრები. ალაზნის ველზე ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული ჰავაა. აქ ზამთარში საშუალოდ 00ც_ია, ზაფხულში კი საშუალოდ +23…+25 ც. ალაზნის ველზე ნალექების რაოდენობა წლის განმავლობაში 600_დან 1000 მმ-მდე მერყეობს. რაც შეეხება გარე კახეთს (მოიცავს ივრის ზეგანს, გომბორისა და იალნოს ქედების წინა მთებს), აქ მშრალი სუბტროპიკული ჰავაა. მდებარეობს ზღ. დ. 500-900 მ_ზე. აქ ზამთრის საშუალო ტემპერატურაა – 0,10ც…-2,30ც, ზაფხულის კი +230ც…+250ც. ნალექების რაოდენობა ივრის ზეგანზე დაახლოვებით 400-600 მმ-ია. განსხვავებული, შედარებით ცივი ჰავაა ცივგომბორის ქედზე, რაც სიმაღლის მომატებასთანაა დაკავშირებული (ცივგომბორი ზღ. დ. 1800-2000 მ-ზე მდებარეობს).
ქალაქი თელავი:
ყველაზე დიდი ქალაქი კახეთში, დაახლოვებით 30 000 მცხოვრებით. თელავი ახ. წ. დასაწყისიდანაა ცნობილი. X-XI და VII-VIII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ქალაქი ცნობილია უმშვენიერესი ხედებით, ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმით, უნივერსიტეტით, დრამატული თეატრით, სურათების გალერეით და განათლებისა და კულტურის სხვა კერებით.
ციხე-ქალაქი სიღნაღი:
სიღნაღი ადრინდელი ციხის ნანგრევებზე თანამედროვე სახით XVIII ს-ის II ნახევარში ერეკლე II-ის დროს აღმოცენდა. მას თითქმის 40 ჰა ფართობი უკავია, ხოლო გალავნის სიგრძე 2,5 კმ-ია. ციხეს 23 კოშკი და 5 შესასვლელი აქვს. თითოეულ კოშკს საკუთარი სახელი ჰქონდა. კოშკებში სათოფურები ისეა განლაგებული, რომ მომდგარი მტრისთვის ნებისმიერ წერტილში შეიძლებოდა დამიზნება როგორც გალავნის გარეთ, ისე მის შიგნით. XIX ს-ის უბნებში შემორჩენილია საცხოვრებელი არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები.
კურორტები:
არხილოსკალო: დედოფლისწყაროს რაიონი – კლიმატური ტიპის კურორტი. ჰავა მშრალი და სუბტროპიკულია. ზამთარი რბილი (იანვარში საშუალოდ -20ც), ზაფხული ძლიერ თბილი (აგვისტოში საშუალოდ +230ც). კურორტზე მიიღებიან ნევროლოგიური პროფილის პაციენტები.
ახტალა: გურჯაანის რაიონი – ტალახით სამკურნალო კურორტი. ჰავა ზომიერად კონტინენტალურია. ზამთარი რბილია (იანვარში +0,90ც), ზაფხული ძლიერ თბილი (აგვისტოში +23,60ც). 4-5 ჰექტარის ფართობის ტაფობში აღინიშნება ტალახის 9 ძირითადი გამოსავალი. ახტალის ტალახი არაორგანული ცარმოშობისაა. კურორტზე მკურნალობის ჩვენებებია მოზრდილთათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები; ბავშვთათვის ცერებლარულური დამბლისა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების დროს.
უჯარმა: საგარეჯოს რაიონი – ბალნეო-კლიმატური ტიპის კურორტი. მდებარეობს ივრის მთების ზეგანზე, ზღ. დ. 900 მ. ზამთარი რბილია (იანვარში 00ც), ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად მშრალი (აგვისროში +220ც). აქ გამოვლენილია თერმული მინერალური წყლები მრავალი ბიოლოგიურად აქტიური მიკროკომპონენტებით. მინერალურ წყლებს იყენებენ სააბაზანო პროცედურების სახით, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, კარდეოლოგიური, ნერვული და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ.
ყვარელი: ყვარლის რაიონი – რაიონული ცენტრიდან 8 კმ-ზე, მდ. ალაზნის ხეობაში, ზღ. დონიდან 450 მ-ის სიმაღლეზე. ზამთარი რბილია, უთოვლო (იანვარში +10ც), ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ტენიანი (აგვისტოში +230ც). ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ორი სახის მინერალური წყალი, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ აბაზანის სახით საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის კანის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაში.
ყურძნის ძირითადი ჯიშები:
რქაწითელი: თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში. გვხვდება კახეთის ყველა რაიონში. გამოიყენება სასუფრე ჯიშადაც. ხასიათდება უხვი მოსავლიანობით. კახეთის პირობებში სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან.
კახური მწვანე: თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში. გვხვდება ძირითადად საგარეჯოს რაიონში, კერძოდ სოფ. მანავის ზონაში, სადაც საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს. ნორმალურ პირობებში კარგი მოსავლიანობით ხასიათდება.
ხიხვი: საქართველოს უძველესი აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში. იგი ძირითადად გურჯაანის რაიონში გვხვდება, კერძოდ კი სოფელ კარდენახის ზონაში. მისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან შემაგრებულ ლიქიორის ტიპის ღვინოებს. ჯიში მცირე მოსავლიანობით ხასიათდება.
ქისი: ქართული თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში. ქისს შუალედური ადგილი უკავია რქაწითელსა და კახურ მწვანეს შორის. მისი ღვინოები გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე შამპანურის დასამზადებლად.
საფერავი: კახეთის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში. საფერავი მგრძნობიარეა კლიმატურ პირობებთან, ამიტომ მისი გავრცელების არეალი კახეთში შეზღუდულია. საფერავი იძლევა განსხვავებული ღირსებების მქონე სუფრის ღვინოს, გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით. მისგან მზადდება როგორც მშრალი, ასევე ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ”ქინძმარაული”.
კაბერნე-სოვინიონი: ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მასობრივად ბურგუნდიის მხარეშია გავრცელებული, სადაც გამოიყენება სახელგანთქმული ”ბურგუნდიული” ღვინის დასამზადებლად. საქართველოში მისი გავრცელების არეალია თელავისა და ყვარლის რაიონები. მისგან მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოებს ამზადებენ.